უცხოელი თანამშრომლები: რა უნდა მოასწრონ დამსაქმებლებმა 2027 წლის 1 იანვრამდე
წაკითხვის დრო: 4 წუთი · განახლებულია: 8 ნოემბერი 2026
ავტორი: ლელა გოჩიტაშვილი, დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
სარჩევი
სხვა სტატიები
გააზიარეთ სტატია
მოკლედ
შრომით იმიგრანტებს, რომელთა რეგისტრაციის სტატუსიც სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით აქტიური იყო, გარდამავალი ვადა ეწურებათ. მათ არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გათვალისწინებით. მხოლოდ განცხადების წარდგენა ამ მოთხოვნის შესრულებას არ ნიშნავს.
რა ევალება დამსაქმებელს?
უცხოელი თანამშრომლისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მიღებაზე განაცხადს ადგილობრივი დამსაქმებელი წარადგენს.
ვაკანსიის Worknet-ზე წინასწარ გამოქვეყნებისა და შეთავაზებულ კანდიდატზე უარის დასაბუთების ძველი პროცედურა 2026 წლის ივლისში შეიცვალა. მოქმედი წესით, თუ დამსაქმებელი კალენდარული წლის განმავლობაში ხუთზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებას გეგმავს, ან უცხოელთა რაოდენობა თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 5%-ს აღემატება, კანონქვემდებარე აქტში მითითებული გამონაკლისის გათვალისწინებით, საჭიროა სააგენტოსთან წლიური კვოტის შეთანხმება. 5%-იანი კრიტერიუმისათვის გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საერთო რაოდენობის 5% ხუთ ადამიანზე ნაკლებია.
კვოტის შეთანხმებისთვის მიმართვა უნდა გაკეთდეს შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე, შრომითი მიგრაციის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ამ პროცედურისთვის გათვალისწინებულია წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტიც: თითოეულ შესაბამის უცხოელზე არანაკლებ 50,000 ლარი, ხოლო საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებისთვის 35,000 ლარი.
როდის არის საჭირო ბინადრობის ნებართვაზე მიმართვა?
საქართველოში მყოფმა უცხოელმა შრომითი საქმიანობის უფლების მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა უნდა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ან IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვისთვის. ეს არის განაცხადის წარდგენის ვადა.
თუ უცხოელს უკვე აქვს საქართველოში რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა, აღნიშნული ვალდებულება მასზე არ ვრცელდება. საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი პირისთვის კი, შესაბამის შემთხვევაში, D1 ვიზაზე მიმართვის ვადა 30 კალენდარული დღეა.
რას ნიშნავს გამონაკლისები და ნულოვანი კვოტა?
საერთაშორისო კომპანიის ან ინოვაციური სტარტაპის ოფიციალური სტატუსი დამსაქმებელს ათავისუფლებს შესაბამისი წინასწარი კვოტის პროცედურისგან და არა ავტომატურად თანამშრომლისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მიღებისგან.
იგივე შეღავათი მოქმედებს, როდესაც ერთდროულად სრულდება ორი პირობა: ყოველთვიური დარიცხული ანაზღაურება აღემატება 15,000 ლარს და სამუშაო ობიექტურად მოითხოვს შესაბამისი სპეციალობის უმაღლეს განათლებას.
ნულოვანი წლიური კვოტა დადგენილია საკურიერო მომსახურებაზე, მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტული გიდის მომსახურებაზე. ამიტომ ფორმულირება „ყველა მძღოლისთვის კვოტა ნულია“ არაზუსტია. ამასთან, წესით განსაზღვრულ გამონაკლისებზე აღნიშნული კვოტები არ ვრცელდება.
საიდან დავიწყოთ
დამსაქმებლებმა პროცესი თანამშრომლის რეგისტრაციის სტატუსის, არსებული ბინადრობის ნებართვისა და შესაძლო გამონაკლისების შემოწმებით უნდა დაიწყონ, რათა საჭირო პროცედურები წლის ბოლომდე დასრულდეს.
როგორ დაგეხმარებათ ორსონი
ორსონი დამსაქმებლებსა და უცხოელებს ურჩევს შრომითი საქმიანობის უფლების, კვოტის შეთანხმების, შრომითი და IT ბინადრობის ნებართვისა და D1 ვიზის საკითხებზე და ამოწმებს, ვრცელდება თუ არა მათზე გამონაკლისი. დაჯავშნეთ კონსულტაცია ან მოგვწერეთ: info@orsonco.com.
სტატია ზოგადი ინფორმაციაა და არ წარმოადგენს სამართლებრივ რჩევას თქვენს კონკრეტულ შემთხვევაზე.
სამართლებრივი წყაროები: საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“; საქართველოს მთავრობის №70 დადგენილება, №321 დადგენილებით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. ინფორმაცია გადამოწმებულია 2026 წლის 8 ნოემბრის მდგომარეობით.
განვიხილოთ თქვენი საკითხი
დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.
გადაგამისამართებთ ჯავშნის კალენდარზე...
