orson co logo

ბიზნესიდან გასვლა: როგორ განისაზღვრება თქვენი წილის ღირებულება?

წაკითხვის დრო: 4 წუთი · განახლებულია: 24 ნოემბერი 2026

ავტორი: ლელა გოჩიტაშვილი, დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

მოკლედ

კომპანიაში წილს ფლობთ, თუმცა ძირითად გადაწყვეტილებებს სხვა პარტნიორი იღებს. თანამშრომლობა გართულდა და ბიზნესიდან გასვლა გინდათ. შეგიძლიათ თუ არა ამის გაკეთება სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე? რა ღირს თქვენი წილი და ვინ უნდა გადაიხადოს მისი საფასური?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა შეფასდეს კომპანიის წესდება, პარტნიორებს შორის შეთანხმება, გასვლის მიზეზები და კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.

სტატია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ეხება.

წილის გაყიდვა და კომპანიიდან გასვლა

წილის გაყიდვისას საჭიროა მყიდველი, რომელსაც ფასსა და გადახდის პირობებზე შეუთანხმდებით. მყიდველი შეიძლება იყოს როგორც თქვენი პარტნიორი, ისე სხვა პირი. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ წილის გადაცემისთვის კანონითა და წესდებით დადგენილი პირობები.

კომპანიიდან გასვლა განსხვავებული პროცედურაა. მხოლოდ სურვილი, რომ პარტნიორობა აღარ გააგრძელოთ, არ ნიშნავს, რომ კომპანია ან სხვა პარტნიორი ვალდებულია თქვენი წილი გამოისყიდოს.

გასვლის საფუძველი შეიძლება გათვალისწინებული იყოს წესდებით ან გამომდინარეობდეს კანონიდან. მაგალითად, როდესაც ხელმძღვანელობის ან სხვა პარტნიორების ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს თქვენს ინტერესებს, კომპანიის საქმიანობის საგანი არსებითად შეიცვალა ან კომპანიას ბოლო სამი წლის განმავლობაში დივიდენდი არ გაუნაწილებია, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა.

ყოველ შემთხვევაში საჭიროა კონკრეტული გარემოებებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასება.

რა ღირს თქვენი წილი?

თუ კომპანია ძვირად ღირებულ შენობას, მიწას ან სხვა ქონებას ფლობს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თქვენი წილის ფასი ამ ქონების ღირებულების შესაბამისი პროცენტია.

კომპანიის შეფასებისას გასათვალისწინებელია მისი ვალდებულებებიც: საბანკო სესხები, მომწოდებლების დავალიანება, პარტნიორებისგან მიღებული სესხები და სხვა გადასახდელი თანხები.

მნიშვნელობა აქვს შეფასების მეთოდსა და თარიღსაც. კომპანიის ფინანსური მდგომარეობა იცვლება, ამიტომ სხვადასხვა პერიოდის მონაცემებით მიღებული შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს. მხოლოდ ბალანსში მითითებული თანხებიც ყოველთვის არ ასახავს ქონების საბაზრო ღირებულებას.

წილის შესაფასებლად უნდა ვიცოდეთ არა მხოლოდ ის, რას ფლობს კომპანია, არამედ ისიც, რა ვალდებულებები აქვს მას.

რას აჩვენებს სასამართლო პრაქტიკა?

პარტნიორის გასვლის შესახებ ერთ-ერთ საქმეში კომპანიის 35%-იანი წილის მფლობელი დაახლოებით 1.33 მილიონი ლარის ანაზღაურებას ითხოვდა.

წილის შეფასებისას სადავო გახდა კომპანიის დავალიანება მეორე პარტნიორის მიმართ. დავის არსი იყო ის, არსებობდა თუ არა ეს ვალდებულება და უნდა გაეთვალისწინებინათ თუ არა იგი წილის ღირებულების განსაზღვრისას.

ექსპერტიზის ფარგლებში წილი შეფასდა როგორც სადავო დავალიანების გათვალისწინებით, ისე მის გარეშე. შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ პარტნიორის გასვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა წილის შეფასებისას კომპანიის დავალიანებაც გაითვალისწინა. შედეგად, კომპანიას დაახლოებით 1.33 მილიონი ლარის ნაცვლად 656 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

ეს მაგალითი აჩვენებს, რომ გასვლის უფლების არსებობა და მოთხოვნილი თანხის დასაბუთება ორი სხვადასხვა საკითხია. წილის ფასზე შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს სესხის ხელშეკრულებას, გადარიცხვის საბუთს ან ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს.

როგორ განისაზღვრება ფასი, თუ ვერ თანხმდებით?

კანონი პირველ რიგში მხარეთა შეთანხმებას ითვალისწინებს. თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, წილის ღირებულებას დამოუკიდებელი აუდიტორი ადგენს. აუდიტორის კანდიდატურაზე უთანხმოების შემთხვევაში მისი დანიშვნა სასამართლოს შეუძლია.

შეფასების მიღებისას ყურადღება მხოლოდ საბოლოო თანხას არ უნდა მიაქციოთ. გასარკვევია:

  • რა თარიღისთვის შეფასდა წილი;
  • რომელი მეთოდი გამოიყენა შემფასებელმა;
  • რა ქონება და ვალდებულებები გაითვალისწინა;
  • რომელი დოკუმენტები დაედო შეფასებას საფუძვლად;
  • რა დაშვებებზეა დამოკიდებული საბოლოო შედეგი.

როგორ იწყება გასვლის პროცედურა?

პარტნიორმა კომპანიას წერილობით უნდა აცნობოს გასვლის სურვილი და მიზეზები. მნიშვნელოვანია, შეინახოს შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთიც.

თუ პარტნიორები გასვლაზე თანხმობას არ გასცემენ ან დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, საკითხი შეიძლება სასამართლოში გადასაწყვეტი გახდეს.

სასამართლოსთვის მიმართვის სპეციალური 30-დღიანი ვადა მოქმედებს. მისი ათვლა უკავშირდება პარტნიორთა შესაბამის გადაწყვეტილებას ან გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლას. ამიტომ მოლაპარაკებების გაგრძელებისას საპროცესო ვადებიც ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს.

ვინ და როდის იხდის?

წილის გაყიდვისას საფასურს მყიდველი იხდის. კომპანიიდან გასვლა კი არ ნიშნავს, რომ თანხის გადახდა ავტომატურად სხვა პარტნიორს პირადად ეკისრება. ზემოთ განხილულ საქმეში გადახდა კომპანიას დაეკისრა.

კანონი წილის ღირებულების ანაზღაურებისთვის შემდეგ ვადებს ადგენს:

  • თანხის ოდენობაზე შეთანხმებიდან 15 დღე, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდნენ;
  • დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ წერილობითი დასკვნის წარდგენიდან 30 დღე;
  • სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, რომელიც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

რაზე ღირს წინასწარ შეთანხმება?

პარტნიორობის დაწყებისას, წილების განაწილებასთან ერთად, გასვლის პირობებიც განსაზღვრეთ: როგორ შეფასდება წილი, ვინ ჩაატარებს შეფასებას, ვინ გადაიხდის თანხას, რა ვადაში და როგორ იქნება გადახდა უზრუნველყოფილი.

თუ უთანხმოება უკვე არსებობს, პირველი ნაბიჯი დოკუმენტების შესწავლაა. წესდება, პარტნიორთა შეთანხმება, კრების ოქმები, ფინანსური ანგარიშგება და სესხის ხელშეკრულებები დაგეხმარებათ როგორც გასვლის საფუძვლის, ისე წილის ღირებულების შეფასებაში.

ბიზნესში შესვლისას მნიშვნელოვანია, რა წილს იღებთ. გასვლისას კი, რა პირობებით მიიღებთ მის ღირებულებას.

როგორ დაგეხმარებათ ორსონი

ორსონი პარტნიორებს ეხმარება წილის გასხვისებასთან, კომპანიიდან გასვლასა და წილის ღირებულებასთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე წესდებისა და პარტნიორთა შეთანხმების მომზადებაში. დაჯავშნეთ კონსულტაცია ან მოგვწერეთ: info@orsonco.com.

სტატია ზოგადი ინფორმაციაა და არ წარმოადგენს სამართლებრივ რჩევას თქვენს კონკრეტულ შემთხვევაზე.

სამართლებრივი საფუძველი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 141-ე და 144-ე მუხლები. სასამართლო მაგალითი: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, საქმე №2/37702-22. განხილულია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

განვიხილოთ თქვენი საკითხი

დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.

Lela Gochitashvili legal services
მოგვწერეთ