რა არის ოფციონი და როგორ შეიძლება მისი წარმატებით გამოყენება?

გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი 2025 · განახლდა: 23 ოქტომბერი 2026

ოფციონი (option) არის ხელშეკრულება, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას, წინასწარ შეთანხმებულ ფასად და განსაზღვრულ ვადაში იყიდოს ან გაყიდოს კონკრეტული აქტივი, მაგალითად აქცია ან კომპანიის წილი.

ამ უფლების სანაცვლოდ ოფციონის მფლობელი მეორე მხარეს, როგორც წესი, უხდის საზღაურს, რომელსაც პრემია ეწოდება. ოფციონი გამოიყენება როგორც საფონდო ბაზარზე, ისე კერძო გარიგებებში, მაგალითად კომპანიის წილის ეტაპობრივად შეძენისას.

როგორ მუშაობს ოფციონი?

ოფციონის მთავარი უპირატესობა მოქნილობაა. თუ ვადის დადგომისას გარიგება მფლობელისთვის აღარ არის ხელსაყრელი, მას შეუძლია არ გამოიყენოს თავისი უფლება. ამ შემთხვევაში ის კარგავს მხოლოდ წინასწარ გადახდილ პრემიას.

ამით ოფციონი განსხვავდება ფიუჩერსისგან (futures), რომელიც ორივე მხარეს გარიგების შესრულებას ავალდებულებს.

ოფციონის სახეები

ოფციონი ძირითადად ორი სახისაა:

  • ყიდვის ოფციონი (Call option) მფლობელს აძლევს უფლებას, მომავალში შეთანხმებულ ფასად იყიდოს აქტივი.
  • გაყიდვის ოფციონი (Put option) მფლობელს აძლევს უფლებას, მომავალში შეთანხმებულ ფასად გაყიდოს აქტივი.

მაგალითად, თუ ფლობთ ყიდვის ოფციონს, რომლითაც აქციის 20 ლარად ყიდვა შეგიძლიათ, ხოლო ვადის დადგომისას ამ აქციის საბაზრო ფასი 30 ლარია, ოფციონის გამოყენებით აქციას საბაზრო ფასზე იაფად შეიძენთ. თუ ფასი 20 ლარზე დაბლა დაეცა, აქციის ყიდვა არ გევალებათ და თქვენი დანაკარგი მხოლოდ გადახდილი პრემიით შემოიფარგლება.

ოფციონი პრაქტიკაში: ორსონის გამოცდილება

ოფციონის ხელშეკრულება ორსონის იურიდიული მხარდაჭერით გამოვიყენეთ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის წილების შეძენისას. მხარეებმა ჯერ ოფციონის ხელშეკრულება გააფორმეს, რომლითაც მყიდველმა შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებულ ფასად წილების შეძენის უფლება მიიღო. გარიგება წარმატებით დასრულდა და სრულად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას.

ამ სტრუქტურით ორივე მხარემ სასურველ შედეგს მიაღწია: მყიდველმა სტრატეგიული კომპანია შეთანხმებულ ფასად შეიძინა, გამყიდველმა კი წილების გადაცემის გარანტია მიიღო.

საქართველოს კანონმდებლობა ოფციონისთვის ცალკე რეჟიმს არ ითვალისწინებს, ამიტომ მისი პირობები სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, ხელშეკრულებით განისაზღვრება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელშეკრულებაში მკაფიოდ ჩაიწეროს ფასი, ვადა, გამოყენების წესი და მხარეთა ვალდებულებები.

ეს მაგალითი აჩვენებს, რომ სწორად დაგეგმილი ოფციონი შეიძლება ერთნაირად სასარგებლო იყოს როგორც ბიზნესისთვის, ისე ინვესტორისთვის: ის ამცირებს რისკებს და მხარეებს გადაწყვეტილების მისაღებად დროს აძლევს.