შრომითი მიგრაცია: კანონში შეტანილი ძირითადი ცვლილებები
წაკითხვის დრო: 6 წუთი · გამოქვეყნდა: 20 ნოემბერი 2025 · განახლდა: 23 ოქტომბერი 2026
მოამზადა: ორსონის იურიდიულმა გუნდმა
Summary
სხვა სტატიები
გააზიარეთ სტატია
შესავალი
2025 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში. ძირითადი ნორმები 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა, ხოლო 2026 წელს კანონსა და შესაბამის დადგენილებებში კიდევ რამდენიმე ცვლილება შევიდა.
რეფორმით საქართველოში უცხოელის დასაქმება და თვითდასაქმება შრომითი საქმიანობის ნებართვას დაექვემდებარა. ამ სტატიაში მოკლედ განვიხილავთ, ვისზე ვრცელდება ახალი წესები, როგორ მიიღება ნებართვა, რა ვადები და სანქციები არსებობს და რას უნდა მიაქციონ ყურადღება კომპანიებმა.
ვისზე ვრცელდება ახალი წესები
კანონი ვრცელდება უცხოელებზე, რომლებსაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა არ აქვთ და:
- საქართველოში დასაქმებული არიან (შრომითი მიგრანტები);
- საქართველოში თვითდასაქმებულები არიან, მათ შორის დამოუკიდებელი კონტრაქტორის სახით.
2026 წლის აპრილის ცვლილებებით კანონში პირდაპირ ჩაიწერა გამონაკლისები. მაგალითად, გარკვეულ პირობებში ნებართვა არ სჭირდება დისტანციურ საქმიანობას და უცხოელი კლიენტებისთვის გაწეულ მომსახურებას, რომელიც საზღვარგარეთ საქმიანობას უკავშირდება. გამონაკლისის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია კონკრეტული შემთხვევის სამართლებრივი შეფასება.
შრომითი საქმიანობის ნებართვა
ნებართვას გასცემს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ელექტრონულად, პორტალის labourmigration.moh.gov.ge მეშვეობით.
- უცხოელის დასაქმებამდე დამსაქმებელმა ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით უნდა გამოაქვეყნოს პორტალზე worknet.moh.gov.ge (შრომის ბაზრის ტესტი);
- განცხადება, როგორც წესი, 30 კალენდარულ დღეში განიხილება;
- მოსაკრებელი სტანდარტული წესით 200 ლარია, დაჩქარებული განხილვისას (10 სამუშაო დღე) 400 ლარი, ხოლო ნებართვის გაგრძელება 200 ლარი. დასაქმებულის ნებართვის საფასურს დამსაქმებელი იხდის.
გამონაკლისები შრომის ბაზრის ტესტიდან
შრომის ბაზრის ტესტის გავლა არ სჭირდებათ:
- საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებს;
- ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს;
- პოზიციებს, სადაც თვიური ანაზღაურება 15 000 ლარს აღემატება და შესაბამისი განათლება მოითხოვება.
ვიზა და ბინადრობის ნებართვა
ნებართვის მიღების შემდეგ უცხოელმა უნდა მოაწესრიგოს საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძველიც:
- თუ ის საზღვარგარეთ იმყოფება, 30 დღის განმავლობაში უნდა მიმართოს D1 კატეგორიის ვიზისთვის;
- თუ საქართველოშია, 10 დღის განმავლობაში უნდა მიმართოს ბინადრობის ნებართვისთვის.
2025 წლის სექტემბრიდან IT სფეროს სპეციალისტებს შეუძლიათ მიიღონ IT ბინადრობის ნებართვა 3 წლით, თუ IT საქმიანობიდან მათი წლიური შემოსავალი მინიმუმ 25 000 აშშ დოლარია და აქვთ მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
ნებართვის ვადა და დამსაქმებლის ვალდებულებები
- პირველადი ნებართვა, როგორც წესი, 6-დან 12 თვემდე ვადით გაიცემა, ხოლო გაგრძელება 1 წლამდე ვადით არის შესაძლებელი;
- გაგრძელების განცხადება ნებართვის ვადის გასვლამდე მინიმუმ 30 დღით ადრე უნდა შეიტანოთ;
- შრომითი ხელშეკრულების შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ დამსაქმებელმა 5 დღეში უნდა აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს.
გარდამავალი წესები
- უცხოელებმა, რომლებიც 2026 წლის 1 მარტისთვის საქართველოში უკვე მუშაობდნენ, შრომითი საქმიანობის ნებართვა და ბინადრობის ნებართვა 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა მიიღონ;
- თვითდასაქმებულ უცხოელებზე, რომლებიც 2026 წლის 1 მარტისთვის უკვე საქმიანობდნენ, ახალი მოთხოვნები 2026 წლის 1 მაისიდან ვრცელდება.
2026 წელს შემოღებული დამატებითი წესები
- მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა წელიწადში 4 თვემდე დასაშვებია წინასწარი უფასო რეგისტრაციით;
- თვითდასაქმებულმა უცხოელმა განცხადება პირადად უნდა შეიტანოს და გაიაროს ვიდეოგასაუბრება ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- კურიერის, ტაქსისა და მგზავრთა გადაყვანის, ასევე გიდის საქმიანობისთვის კვოტა ნულოვანია;
- დამსაქმებელს, რომელიც 5-ზე მეტ უცხოელს ან შტატის 5%-ზე მეტს ასაქმებს, წლიური კვოტა სჭირდება;
- დამსაქმებლის ბრუნვა თითო უცხოელ თანამშრომელზე მინიმუმ 50 000 ლარი უნდა იყოს (სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის 35 000 ლარი).
სანქციები და ინსპექცია
წესების შესრულებას აკონტროლებენ შრომის ინსპექციის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
- ნებართვის გარეშე მუშაობისთვის ჯარიმა 2 000 ლარია როგორც უცხოელისთვის, ისე დამსაქმებლისთვის, განმეორებისას კი ორმაგდება და სამმაგდება;
- ინსპექტირებისთვის ხელის შეშლა 1 000-დან 7 000 ლარამდე ჯარიმით ისჯება;
- ხელშეკრულების ცვლილების შეუტყობინებლობა 1 000-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით ისჯება;
- 2026 წლის 1 სექტემბრიდან ჯარიმის გასაჩივრება არ აჩერებს ქვეყნიდან გაძევების პროცესს.
რას გირჩევთ კომპანიებს
- შეამოწმეთ, რომელ უცხოელ თანამშრომელს, კონტრაქტორსა და ხელმძღვანელს სჭირდება ნებართვა;
- დაგეგმეთ ვადები: ვაკანსიის გამოქვეყნება, ნებართვა და შემდეგ ვიზა ან ბინადრობის ნებართვა;
- შეამოწმეთ, ვრცელდება თუ არა თქვენზე შრომის ბაზრის ტესტის ან ნებართვის მოთხოვნის გამონაკლისი;
- მოამზადეთ შიდა წესი შრომის ინსპექციის შემოწმებისთვის.
ორსონი გეხმარებათ უცხოელი თანამშრომლების სტატუსის შეფასებაში, ნებართვების მიღებასა და შრომის ინსპექციასთან ურთიერთობაში. დაგვიკავშირდით თქვენი კომპანიის საკითხის განსახილველად.
სტატიაში მოცემული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას. წყაროები: „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი და მისი 2025 და 2026 წლების ცვლილებები, საქართველოს მთავრობის 2026 წლის დადგენილებები (matsne.gov.ge).
განვიხილოთ თქვენი საკითხი
დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელფოსტით ან WhatsApp-ით. მოკლედ გაგვაცანით თქვენი საკითხი და შევათანხმოთ შემდეგი ნაბიჯები.
გადაგამისამართებთ ჯავშნის კალენდარზე...
