მედიაცია: კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის კულტურა

გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი 2025 · განახლდა: 23 ოქტომბერი 2026

კონფლიქტი ადამიანებსა და ბიზნესებს შორის ურთიერთობის გარდაუვალი ნაწილია, თუმცა მისი გადაწყვეტის გზა ხშირად განსაზღვრავს ურთიერთობის მომავალს, რეპუტაციასა და საბოლოო შედეგს. საქართველოში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება მედიაცია, რომელიც დავის გადაწყვეტის ეფექტური, კონფიდენციალური და ნაკლებად ხარჯიანი გზაა და მხარეებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა ზიანი მოაქვს გადაუწყვეტელ დავას და როგორ გეხმარებათ მედიაცია მის მშვიდობიანად დასრულებაში.

რა ზიანი მოაქვს გადაუწყვეტელ დავას

პირად, ბიზნეს და სხვა ურთიერთობებში ინტერესთა შეუთავსებლობა ხშირად კონფლიქტში გადაიზრდება. ასეთი დავის დროული და ეფექტური გადაწყვეტა მნიშვნელოვანია როგორც მხარეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

გადაუწყვეტელი დავა ხშირად იწვევს პირადი და კომერციული ურთიერთობების დაზიანებას ან შეწყვეტას, ფინანსურ დანაკარგს, რეპუტაციის შელახვას და სტრესს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება დავა, მით მეტი დრო, ფული და ადამიანური რესურსი იხარჯება. ამიტომ ბუნებრივია, რომ მხარეები ცდილობენ ამ შედეგების ყველა შესაძლო საშუალებით თავიდან აცილებას.

მედიაცია: დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა

მედიაცია დავის გადაწყვეტის ეფექტური ფორმაა, რომელიც ბევრ ქვეყანასა და საერთაშორისო დონეზე ფართოდ გამოიყენება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის დაპირისპირების ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმებით დასასრულებლად.

მომრიგებლის ინსტიტუტი საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს, რასაც სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ტერმინებიც მოწმობს: „ბჭე“, „რჯულის კაცი“, „მორევი“, „შუამავალი“, „შუაკაცი“, „მახვში“. დღეს მედიაციას საქართველოში „მედიაციის შესახებ“ კანონი არეგულირებს, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. მედიატორთა რეესტრს აწარმოებს საქართველოს მედიატორთა ასოციაცია.

რა არის მედიაცია

მედიაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ორი ან მეტი მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას. პროცესს შეიძლება თავად მხარეები შეთანხმდნენ (კერძო მედიაცია) ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქმე მედიაციაზე სასამართლომ გადაგზავნოს (სასამართლო მედიაცია).

მედიატორი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ნეიტრალური პირია. ის მხარეებს ეხმარება, ნათლად ჩამოაყალიბონ საკუთარი საჭიროებები და ინტერესები, გამოავლინონ კონფლიქტის რეალური მიზეზები, წარმართონ შედეგზე ორიენტირებული დიალოგი და შეთანხმდნენ ორივესთვის მისაღებ პირობებზე.

მედიაციის უპირატესობები

სასამართლოსა და არბიტრაჟისგან განსხვავებით, მედიატორი გადაწყვეტილებას არ იღებს. შეთანხმების პირობებს მხარეები თავად განსაზღვრავენ. მედიაციის მთავარი უპირატესობებია მოქნილობა, მხარეთა საჭიროებებზე მორგება, ნდობა და კონფიდენციალურობა, რომელსაც კანონი იცავს.

მედიაცია, როგორც წესი, ნაკლებ დროსა და ხარჯს მოითხოვს. კერძო მედიაციის ხანგრძლივობა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული და შეიძლება სულ რამდენიმე დღეში დასრულდეს. სასამართლო მედიაციისთვის კანონი კონკრეტულ ვადებს ადგენს, თუმცა მხარეებს შეთანხმების მიღწევა ამ ვადის გასვლამდეც შეუძლიათ.

მხარეები მედიაციაში მონაწილეობენ უშუალოდ, წარმომადგენელთან ერთად ან მხოლოდ წარმომადგენლის მეშვეობით. სამედიაციო შეთანხმება იდება წერილობით. თუ შეთანხმება ნებაყოფლობით არ სრულდება, 2025 წლის დეკემბრიდან სასამართლოს გზით შესაძლებელია კერძო მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაც. თუ მედიაცია შეთანხმებით არ დასრულდა, მხარეებს კვლავ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს ან არბიტრაჟს.

ორსონი: თქვენი პარტნიორი მედიაციაში

ორსონის გუნდს აქვს სასამართლო და კერძო მედიაციაში წარმომადგენლობის გამოცდილება. ვაფასებთ დავის გარემოებებს და გირჩევთ, როგორ მოემზადოთ მედიაციისთვის, წარმოგადგენთ ინდივიდუალურ და საერთო სესიებზე, ვამზადებთ და ვაფასებთ სამედიაციო შეთანხმებას და გეხმარებით მის აღსრულებაში.

ავტორი: დავით გვენეტაძე, ორსონის იურისტი