რატომ ირჩევენ ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოს: 5 მიზეზი
გამოქვეყნდა: 20 ოქტომბერი 2025 · განახლდა: 23 ოქტომბერი 2026
ტექნოლოგიური კომპანიები ეძებენ სტაბილურ, ეკონომიკურად ხელსაყრელ და ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც საქმიანობის გაფართოებას შეძლებენ. ასეთ ქვეყნებს შორის სულ უფრო ხშირად ასახელებენ საქართველოს.
ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველო ტექნოლოგიურ ბიზნესს სთავაზობს შეღავათიან საგადასახადო რეჟიმებს, მარტივ რეგისტრაციას და მოქნილ ბიზნესგარემოს. ორსონი უკვე დაეხმარა არაერთ უცხოურ კომპანიას საქართველოში საქმიანობის დაწყებაში. ქვემოთ განვიხილავთ ხუთ მთავარ მიზეზს.
1. სპეციალური საგადასახადო რეჟიმები IT ბიზნესისთვის
საქართველოში IT კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ ორი სპეციალური საგადასახადო სტატუსით:
ვირტუალური ზონის პირის სტატუსი
- საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებული IT მომსახურებიდან მიღებული მოგება თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;
- მოგების განაწილებისას დივიდენდი იბეგრება 5%-ით;
- განსაკუთრებით ხელსაყრელია პროგრამული უზრუნველყოფის, SaaS და IT კონსულტაციის კომპანიებისთვის, რომლებიც უცხოურ ბაზრებზე მუშაობენ.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი
- 5% მოგების გადასახადი განაწილებულ მოგებაზე;
- 5% საშემოსავლო გადასახადი თანამშრომელთა ხელფასებზე;
- 0% გადასახადი დივიდენდზე;
- ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, მიწის გარდა.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსისთვის კომპანიას, როგორც წესი, სჭირდება შესაბამის საქმიანობაში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება და რეალური საქმიანობა საქართველოში, საკმარისი თანამშრომლებითა და ხარჯებით. სტატუსს მთავრობა ანიჭებს შემოსავლების სამსახურის მეშვეობით შეტანილი განცხადების საფუძველზე.
2. საგადასახადო შეღავათები ინოვაციური სტარტაპებისთვის
2025 წელს „ინოვაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით შეიქმნა ინოვაციური სტარტაპის სტატუსი. სტატუსი ენიჭება წლით და შეიძლება გაგრძელდეს ჯამში 10 წლამდე:
- პირველი 3 წელი: 0% საშემოსავლო გადასახადი თანამშრომელთა ხელფასებზე, მთავრობის მიერ დადგენილი ოდენობის ფარგლებში;
- მე-4 წლიდან მე-6 წლის ჩათვლით: 5% საშემოსავლო და მოგების გადასახადი;
- მე-7 წლიდან მე-10 წლის ჩათვლით: 10%.
სტატუსის მისაღებად სტარტაპს ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ 100 000 ლარის ინვესტიცია აკრედიტებული ფონდიდან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელიდან ან აქსელერატორიდან, ან მინიმუმ 150 000 ლარის გრანტი. განაცხადი შეაქვთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA). ეს სტატუსი არ ერწყმის საერთაშორისო კომპანიისა და ვირტუალური ზონის პირის სტატუსებს.
3. სწრაფი და მარტივი რეგისტრაცია
საქართველოში კომპანიის რეგისტრაცია მარტივია:
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაცია, როგორც წესი, 1 სამუშაო დღეში სრულდება;
- მინიმალური კაპიტალი არ მოითხოვება;
- უცხოელს შეუძლია კომპანიის 100%-ის ფლობა და მართვა;
- რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურად, მინდობილობით.
4. წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და სავაჭრო შეთანხმებები მნიშვნელოვან ბაზრებთან დაკავშირებას აადვილებს:
- თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, EFTA-სთან, ჩინეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან;
- განვითარებული ციფრული ინფრასტრუქტურა დისტანციური მუშაობისთვის;
- დროის სარტყელი (GMT+4), რომელიც ამარტივებს მუშაობას როგორც ევროპასთან, ისე აზიასთან.
5. ბინადრობა და უცხოელი თანამშრომლების დასაქმება
საქართველო ტექნოლოგიური ბიზნესის მფლობელებსა და თანამშრომლებს ბინადრობის რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს:
- 2025 წლის სექტემბრიდან IT სპეციალისტებს შეუძლიათ მიიღონ IT ბინადრობის ნებართვა 3 წლით, თუ IT საქმიანობიდან წლიური შემოსავალი მინიმუმ 25 000 აშშ დოლარია და აქვთ მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- 90-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლამდე შეუძლიათ.
გაითვალისწინეთ, რომ 2026 წლის 1 მარტიდან უცხოელის დასაქმებისა და თვითდასაქმებისთვის საჭიროა შრომითი საქმიანობის ნებართვა. საერთაშორისო კომპანიის და ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები შრომის ბაზრის ტესტისგან თავისუფლდებიან. უფრო დეტალურად იხილეთ ჩვენი სტატია შრომითი მიგრაციის შესახებ.
შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმები, სტარტაპების მხარდაჭერა, თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო საქართველოს მიმზიდველს ხდის ტექნოლოგიური კომპანიებისთვის.
თუ განიხილავთ საქართველოში საქმიანობის დაწყებას ან გაფართოებას, ორსონი დაგეხმარებათ შესაფერისი სტატუსის შერჩევაში, კომპანიის რეგისტრაციასა და სამართლებრივად გამართულ საქმიანობაში. დაგვიკავშირდით და განვიხილოთ თქვენი საკითხი.
